суббота, 27 декабря 2008 г.

სამასი გმირი არაგველი და მათი სახელობის ბაღი ორთაჭალაში

სამასმა არაგველმა ვაჟკაცმა აასრულა თავისი მამაცური ფიცი. არც ერთ მათგანს ზურგი არ უჩვენებია მტრისათვის, არც ერთს არ მოსვლია ფიქრად თავს ვუშველო გაქცევითო და არც ერთი მათგანი არ ცავარდნია მტერს ხელში. ისინი საოცარი თავგანწირვით იბრძოდნენ დილიდან დაღამებამდე. ბევრი სპარსი გამოასალმეს სიცოცხლეს და თავადაც შეაკვდნენ მათ პირველიდან დაწყებული უკანასკნელამდე.
”დიაღ, სამასი ვაჟკაცი ერთი და იმავე გმირული სიკვდილით გამოესალმა წუთისოფელს ბრძოლის ველზე, კრწანისის მინდორში. ზოგმა მათგანმა თავისი სიცოცხლე დასდო მამულისათვის დილით პირისპირ სპარსეთისშაჰისა, ზოგი მტერს შეაკვდა დღისით, როცა იგი მოიწევდა თბილისისაკენ, ხოლო დანარჩენთ თავი დასდეს ქვეყნისათვის საღამოთი თბილისის ქუჩებში, სადაც იგინი უკანასკნელ სისხლის წვეთამდე ებრძოდნენ შემოსეულ სპარსელებს.
არც ერთი არ გადაურჩა სიკვდილს, არც ერთი არ შეიქმნა მოწამე თბილისის აოხრებისა, არც ერთმა არ წაიღო მთაში ამბავი ქართველების დაძლევისა სპარსელებისაგან, არც ერთი არ ჩაუვარდა მტერს ხელში. ყველამ ბრძოლის ველზე დალია თავისი გმირული სული, ყველამ თავის სამშობლოს შესწირა სიცოცხლე.” (ი. გოგებაშვილი)
სამშობლოსთვის თავდადებულ გმირებს ქართველმა ხალხმა ამ ბრძოლების ადგილას ძეგლი აღუმართა


მემორიალი დაიდგა 1959 წელს. მისი არქიტექტორია ა.ბაქრაძე.
300 არაგველების სახ. ბაღში გზის მერე მხარე დგას მაჩაბლის სახ. კედელი, მასზე აღბეჭდილია კრწანისის ბრძოლის თარიღი - 1795 და მაჩაბელი - მეომარი საკრავით ხელში.


სამწუხაროა, რომ კედლის ზედა ნაწილი დაზიანებულია. იქნებ, ჩვენი გულისტკივილი აღნიშნულთან დაკავშირებით გაითვალისწინონ და აღადგინონ.
მაჩაბლის კედლის გასწვრივ, ბაღის სამხრეთით, სადაც წინათ ე.წ. ”საზამთროს ბაღები” ყოფილა, შემორჩენილია ქალაქის ძველი ზრუდის ნაშთები. კედელი ნაგებია ქვითა და აგურით.
ზღუდის თითოეული ქვა მოთავსებულია ქართული აგურისაგან საგანგებოდ შეკრულ ჩარჩოში.შემორჩენილი კედლის ნაწილი XVII-XVIII საუკუნით თარიღდება. კედლის აგების თარიღად კი IX საუკუნეს მიიჩნევენ.

1948 წელს არქეოლოგიური გათხრებისას (ხელმძღვანელი ნ. ბერძენიშვილი) აღმოჩნდა XII-XIII საუკუნეების კერამიკული მასალა.
ამავე ბაღში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ბრძოლის დროს დაღუპულთა საფლავები. მათი ხსოვნის პატივსაცემად დაიდგა ჯვარი.

კათალიკოს-პატრიარქმა ილია II-მ თავად აღავლინალოცვა მათი სულების მოსახსენიებლად.
ბაღში შერეული ნარგავებია. ფოთლოვანთან ერთად ხარობს წიწვოვანი ხეებიც.


ანასტასია ჯაკონია

Комментариев нет:

Отправить комментарий